თბილისი (GBC) – საქართველომ და სომხეთმა ევროპის საბჭოს დეკლარაციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერს უჭერს მხარს, ხელი მოაწერეს. აღნიშნული დოკუმენტი ევროპის საბჭოს საიტზეა გამოქვეყნებული.

ევროგაერთიანების პრეს–სამსახურის განცხადების თანახმად, დეკლარაციაში მოცემულია მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის პრინციპები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების და დამკვირვებელი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა დოკუმენტი ლიეტუვის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე მიიღეს და ის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოსა და სომხეთის გარდა დეკლარაციას ხელს აწერენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა და მოლდოვა. ასევე აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები.

ამასთან, დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს აზერბაიჯანმა, თურქეთმა, უნგრეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, სლოვაკეთმა და სერბეთმა.