თბილისი (GBC) – „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა ორშაბათს მიიღო.
გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 - 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საერთო ჯამში სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი, საიდანაც ერთზე დღეს, 10 მარტს განაჩენი დადგა, დანარჩენ ორზე კი და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილისთვის თავდაპირველი წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ერთეული ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე კურსით კი მისი ღირებულება $860 მლნ–ს აჭარბებს.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
მეორე ბრალდება კი 25 თებერვალს, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენეს. აღნიშნული ბრალდებით უწყება მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, 2014 წლის ნოემბერში, „თანაინვესტირების ფონდმა“ კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა და კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო. განცხადებაში წერია, რომ იმავე წელს კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს „მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა.