თბილისი (GBC) - "ლელო - ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, ორშაბათს, "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.
„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, საქართველო უნდა გადავარჩინოთ. „გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას, ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, - დასძინა მან.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მოხარულია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის საწყისი, გამხსნელი ეტაპის დადგომით.
თავის მხრივ, აწ უკვე თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი და “გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი წარადგინა.
კუპრაძის თქმით, თითოეული გამარჯვების, თითოეული მშენებლობისა და სიკეთის შენების შესაძლებლობა მხოლოდ გუნდურად არსებობს.
“ჩვენ ვემზადებით იმ ბრძოლისთვის, სადაც, არ მოვერიდები ამ სიტყვას - უნდა გამოგლიჯოთ თბილისი, უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი უსამართლობასა და უკანონობას, ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი რუსულ ურდოს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალაქი იყოს ნარკოტიკების გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალაქი იყოს მშიერი ბავშვების გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალაქი იყოს სავსე ღირსეული შრომით, ღირსეული ანაზღაურებით, ღირსებით სავსე პენსიონერებით, რომლებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა. ამ ბრძოლაში ჩვენ გთავაზობთ სწორედ ამ გუნდს, ჩავჭიდოთ ხელი და გაჩვენებთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. გაუმარჯოს ძლიერ, ევროპულ და ძალადობისგან თავისუფალ თბილისს”, - განაცხადა კუპრაძემ.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს, სავარაუდოდ პროტესტის ფონზე უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ გასულ თვეში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.