თბილისი (GBC) - ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საწვავის სექტორის სტრუქტურული კვლევის დასკვნა წარადგინა, სადაც ბაზრის მთავარ გამოწვევად მიწოდების წყაროების დაბალი დივერსიფიკაცია და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება სახელდება. კომისიის შეფასებით, 2025 წელს ქვეყანამ 1.84 მლრდ ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 9.4%-იან ზრდას წარმოადგენს.

კომისიის დასკვნით, საქართველოს საწვავის ბაზარი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის იმპორტზე. აღნიშნული კონცენტრაცია ბაზარს გეოპოლიტიკური რყევების, სანქციებისა და ლოგისტიკური შეფერხებების მიმართ მოწყვლადს ხდის.

ამავე პერიოდში, 5 მსხვილი კომპანიის ჯამურმა წილმა ბაზარზე 67.3% შეადგინა, რაც საშუალო კონცენტრაციის მაჩვენებელია.

2026 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და გლობალური ენერგეტიკული რისკების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასების ზრდა მნიშვნელოვნად დაჩქარდა:

  • ბენზინის (რეგულარი და პრემიუმი) ფასი 10.8%–14.4%-ით გაიზარდა.
  • დიზელის ფასი 20.1%–23.8%-ით გაიზარდა.

კომისიის ანალიზით, საწვავზე აქციზის შემცირება ფასების კლების ეფექტიანი მექანიზმი ვერ იქნება, რადგან ის ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ისედაც დაბალია.ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კომისია უარს ამბობს ადმინისტრაციულ კონტროლზე და აქცენტს ბაზრის ლიბერალიზაციაზე აკეთებს.

დასკვნაში გაწერილი მთავარი რეკომენდაციებია:

  • მიწოდების დივერსიფიკაცია: იმპორტის წყაროების არეალის გაფართოება.
  • მარაგების მართვა: სტრატეგიული რეზერვების მართვის სისტემის გაუმჯობესება.
  • ლოგისტიკა: მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა ხარჯების შესამცირებლად.

„საწვავის ფასების სტაბილურობა საქართველოში უფრო მეტად მიიღწევა კონკურენციის გაღრმავებით, მიწოდების უსაფრთხოებითა და ბაზრის გამჭვირვალობით, ვიდრე ფასების ადმინისტრაციული კონტროლით“, - ნათქვამია საპარლამენტო კომისიის დოკუმენტში.