თბილისი (GBC) - აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს: "ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს".

„აშშ-ისა და ევროკავშირის შეთავაზებების მიუხედავად. ახლა ისინი თავიანთ დიქტატურას სულელურ რეკლამას უკეთებენ, 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გარიცხვითა და დემონსტრანტების სასტიკი დარბევით, დიდი ყურადღების მიუხედავად. სანქციები მოდის!“, - წერს ჯო უილსონი.

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით 20:00 საათზე გამოაქვეყნა

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკა.

14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, რომლის ქვეშაც ივანიშვილის სანქცირება მოექცა, პირის ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში გაიყინა, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს აეკრძალათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა.

შედეგად, მოხდა პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით.