თბილისი (GBC) - აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, „უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მხრიდან ნაკლები დახმარების მიღებისთვის?“ – ტრამპი პასუხობს: „ალბათ, უნდა მოემზადოს, დიახ, რა თქმა უნდა”.

ამასთან, ჟურნალისტმა ტრამპს შეახსენა, რომ მან რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულების პირობა დადო, ტრამპმა კი უპასუხა: „ვცდილობ“.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ არ სურს რაიმე ისეთის თქმა, რაც ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს.

„დაახლოებით 500 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს უნდა შეეჩერებინა“, – განაცხადა ტრამპმა.

სამხედრო დანაკარგთან დაკავშირებით განცხადებას უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე არა 400 000, არამედ 43 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ჩვენი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ სახლს და ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველი სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ დაკარგა 43 000 ჯარისკაცი. დაფიქსირდა დაჭრილთა დახმარების 370 000-ზე მეტი შემთხვევა, ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ჯარში დაჭრილთა დაახლოებით 50% ბრუნდება ბრძოლის ველზე, და თანაც აღირიცხება ყველა დაზიანება, მათ შორის მცირე და განმეორებითი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა კიევისკენ ტანკები დაძრა, მას შემდეგ 1000 დღეზე მეტი გავიდა.

ომი გრძელდება.