თბილისი (GBC) – "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ". საგარეო უწყების განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართული ოცნების გადაწყვეტილება "მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია".
"უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან.
საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაერთი დარღვევის შედეგია. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია. ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილი, და დაუბრუნდეს ყველა იმ რეფორმის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას.
კობახიძემ თავისი პარტიის არგუმენტები მოიყვანა, რომლებითაც ეს გადაწყვეტილება გაამყარა. მისივე თქმით, საქართველო ღირსებით გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და საკუთარი ხარჯებით დააფინანსებენ რეფორმებს.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და გორში.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.
აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი.
შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.