თბილისი (GBC) - ირანში შექმნილი სიტუაცია დასავლეთის ქვეყნებს შორის დიპლომატიურ სკანდალში გადაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას აქვს „ძალიან ცუდი წინათგრძნობა“ იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი უკრაინის ომზე.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ყურადღების ფოკუსი, „სამწუხაროდ, უფრო მეტად ახლო აღმოსავლეთზეა მიმართული, ვიდრე უკრაინაზე“, რის გამოც უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები „მუდმივად გადაიდება. მიზეზი ერთია – ომი ირანში“.

ზელენსკიმ დააკონკრეტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფოკუსირებულია ირანზე, თუმცა მომლაპარაკებელი ჯგუფები ერთმანეთთან კომუნიკაციას აგრძელებენ.

„ჩვენი ჯგუფი ყოველდღიურად ესაუბრება ამერიკულ მხარეს. ამერიკელებიც ყოველდღე ელაპარაკებიან რუსებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ირანის ომის გამო აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები თავისთან გამართოს, თუმცა რუსებმა უარი თქვეს.

„ამიტომ, ჩვენ ჯერჯერობით ვცდილობთ ფოკუსირებას ამერიკაზე, ვთავაზობთ თარიღსა და ადგილს. უკრაინა მხარს დაუჭერს ნებისმიერ თარიღსა და ნებისმიერ ადგილს, ოღონდ ნამდვილად არა რუსეთში“, - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს შორის ირანის საკითხზე განხეთქილების შესახებ აღნიშნა. „ძალიან მინდა, რომ ტრამპი შეხვდეს სტარმერს... რათა მათ საერთო პოზიცია ჰქონდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „ნებისმიერი განხეთქილება ნატოში ორივე მხარეს დაასუსტებს“.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ზელენსკი ლონდონში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ირანის გარშემო არსებული სიტუაცია ჩრდილავს უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ნათლად გვესმოდეს - მთავარი ყურადღება უკრაინაზე უნდა დარჩეს“, - განაცხადა სტარმერმა.

ლონდონში ზელენსკი პარლამენტის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა: „რეჟიმები რუსეთსა და ირანში სიძულვილის ძმები არიან, ამიტომ ისინი იარაღით ძმებიც არიან. ჩვენ გვინდა, რომ სიძულვილზე აგებულმა რეჟიმებმა არასოდეს გაიმარჯვონ არაფერში. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი რეჟიმი ემუქრებოდეს ევროპას ან ჩვენს პარტნიორებს“.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ბრიტანელ პოლიტიკოსებს განუცხადა, რომ უკრაინა გახდა თანამედროვე ომის პიონერი და ახლა ფლობს მეთოდებს, რომლებიც შეუძლია მოკავშირეებს გაუზიაროს.

გამოცემა Politico 17 მარტს წერდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება აპირებს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩინეთის წინააღმდეგობისთვის გამოიყენოს. თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ გეგმას წარმატების მცირე შანსი აქვს, სანამ რუსეთისა და ჩინეთის სათავეში ამჟამინდელი დიქტატორები იმყოფებიან.

ასევე, გუშინ, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა გააჟღერა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევროპას რუსეთთან დიალოგის დამყარება დასჭირდება.