თბილისი (GBC) – საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. 93 წლის ასაკში გარდაცვლილი პატრიარქის გამო მწუხარებას საერთაშორისო რელიგიური ლიდერები გამოთქვამენ და ქართველ ხალხს უსამძიმრებენ.

რუმინეთის პატრიარქის სამძიმარი

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა სპეციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ილია II-ს „თანამედროვე მართლმადიდებლობის მაღალღირსი მოღვაწე“ და „სარწმუნოების ურყევი აღმსარებელი“ უწოდა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის გარდაცვალების შესახებ, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელების, ასევე განახლების პერიოდებში“, - აღნიშნულია პატრიარქ დანიელის მიმართვაში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოხმაურება

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ ხაზი გაუსვა ილია II-ის როლს საზოგადოების სულიერ განახლებაში სახელმწიფო ათეიზმის ხანის შემდეგ. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს.

მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, რადგან მისი მსახურება ბევრ ადამიანს ეხმარებოდა იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი.