თბილისი (GBC) – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთექვსმეტე პაკეტის მიღებას 2025 წლის 24 თებერვალს გეგმავს, წერს გაზეთი Die Welt.

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ეკონომიკის იმ სექტორებს მოიცავს, რომლებსაც მანამდე შეზღუდვები არ შეხებია.

ევროკომისია და ევროპის საგარეო ურთიერთობების სამსახური იმ პირებსაც შეუზღუდავს ევროგაერთიანების ტერიტორიაზე შესვლას და გაუყინავს აქტივებს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი.

შემდგომი სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელიც ფიქრობს, რომ ახალი გადაწყვეტილებები მას შემდეგ უნდა მიიღონ, რაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეთხუთმეტე პაკეტი ევროპელებმა დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღეს და ეს შეზღუდვები ძირითადად რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს შეეხება. ევროკავშირის 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოითხოვეს რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსისთვის სანქციების ახალი პაკეტის შემუშავება.

მათი თქმით, აუცილებელია რუსული ბუნებრივი გაზისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა.