თბილისი (GBC) – რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლებიდან ევროკომისია უკრაინას პირველ ტრანშს 1,4 მლრდ ევროს მოცულობით აგვისტოს პირველ კვირაში გადასცემს. ამის შესახებ ევროპის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ამ ფულით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღს უყიდიან.

„მინისტრებს პროგრესის შესახებ ვაცნობე – პირველი ტრანში 1,4 მლრდ ევროს მოცულობით მომდევნო კვირაში შესრულდება. ეს უკრაინის პრიორიტეტული სამხედრო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას მოგვცემს. საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო ჭურვები და უკრაინის თავდაცვითი მრეწველობისთვის საჭირო რესურსები“, – თქვა ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ვერ ახერხებდნენ ევროპის მშვიდობის ფონდის სახსრების განბლოკვას, კიევისთვის მიწოდებული შეიარაღების საკომპენსაციოდ, რადგან უნგრეთმა ვეტოს მოხსნაზე უარი თქვა.

„ეს სამარცხვინოა. მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის უკრაინას, მიიღოს საჭირო შეიარაღება. ეს ფული ევროპის იმ ქვეყნებს უნდა მიეღო, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირს რუსეთის ბანკის 280 მლრდ ევრო აქვს გაყინული, საიდანაც საპროცენტო შემოსავალმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,6 მლრდ ევრო შეადგინა. 2023 წელს ამ ფულის შემოსავალმა 4,4 მლრდ ევრო შეადგინა. 2027 წლისთვის კი შემოსავალი 20 მლრდ ევროს მიაღწევს.