თბილისი (GBC) – რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქზე სამი სარაკეტო იერიში მიიტანა. კულმინაცია იყო გამთენიისას მძლავრი აფეთქებები, რომლის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. თავდაპირველად უცნობი იყო, ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიღუპა და დაშავდა ხალხი, თუ ეს იყო უპილოტოების პირდაპირი მოხვედრით გამოწვეული.

ეს თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ შუადღისას რუსეთმა კიევის მიმართულებით 11 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მოსახლეობა თავშესაფრებში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ თერთმეტივე რაკეტა ჩამოაგდო, იერიში მიგვანიშნებს, რომ ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრის დაშორებითაც კი კიევის 3,6–მილიონიანი მოსახლეობა რუსეთის სამიზნედ რჩება.

ვიდრე კიევი თავისი დასავლელი მოკავშირეების დახმარებით საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნის, რუსები მისი სუსტი წერტილების ძიებაში არიან. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა შეცვალა დაბომბვის დრო, იარაღის გამოყენების კომბინაცია, ასევე რაკეტებისა და უპილოტოების ტრაექტორია. თავდაცვის სისტემებმა რომ ვერ შენიშნონ, რუსები რაკეტებსა და დრონებს ბოლო დროს დაბალ სიმაღლეზე უშვებენ მდინარეების კალაპოტებში და ველებზე.

რუსი ოფიციალური პირები ხშირად უარყოფენ, რომ მათი სამიზნეები სამოქალაქო ობიექტები იყო. ისინი ირწმუნებიან, რომ ორშაბათის იერიშის სამიზნე ავიაბაზები იყო. უკრაინელი ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ მოსკოვმა სულ მცირე ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა სამხედრო აეროდრომზე ხმელნიცკში, რის შედეგადაც ასაფრენი ბილიკი დაზიანდა.