თბილისი (GBC) – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამშაბათს, 12 სექტემბერს, რუსეთში პირადი მატარებლით ჩავიდა. მას თავისი სამხედრო სარდლობის, სამხედრო მრეწველობისა და დიპლომატიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია ახლავს. ჩრდილოკორეული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ კიმ ჩენ ინმა მოგზაურობა ჯერ კიდევ კვირას დაიწყო და რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. ამას ოფიციალურად კრემლიც ადასტურებს.
პუტინი და კიმი – რა აქვთ სალაპარაკო, თუ არა იარაღის მიწოდება რუსეთისთვის
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, რომლებმაც ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველებმა გაავრცელეს, ჩრიდოლოკორეელი ლიდერი პუტინთან მოსკოვისთვის შეიარაღების შესაძლო მიწოდების საკითხებს განიხილავს. დელეგაციის შემადგენლობიდან გამომდინარე, უპირველესად საუბარი სწორედ სამხედრო თანამშრომლობაზე, მათ შორის საბრძოლო მასალების მიწოდებაზე იქნება, წერს სააგენტო Reuters.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ ახალი სანქციების დასაწესებლად მზად არის, იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი და კიმ ჩენ ინი კორეული საბრძოლო მასალების რუსეთისთვის მიწოდებაზე შეთანხმდებიან.
მოსკოვმა და ფხენიანმა კი ერთხმად უარყვეს დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში სამხედრო თანამშრომლობის საკითხების არსებობა. მედიის ვარაუდით, პუტინი და კიმი აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ახლოს, რუსეთის საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში 10–13 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობს.