თბილისი (GBC) - კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ პარასკევს, მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა და მოუწოდა, შექმნან საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის გამო ქალაქი უმძიმესი სცენარისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს

კლიჩკომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვთ ურჩია, დროებით ქალაქგარეთ, ისეთ ადგილებში გადავიდნენ, სადაც გათბობისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები არსებობს.

კლიჩკოს განმარტებით, რუსეთის მხრიდან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გრძელდება, რის გამოც დედაქალაქის სამსახურები საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

დედაქალაქის ხელმძღვანელობამ თითოეულ რაიონში განსაზღვრა სპეციალური „გამძლეობის პუნქტები“, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ღამის გათევა, კვება და ჰიგიენური საშუალებებით სარგებლობა შეეძლება. ეს პუნქტები აღჭურვილია მობილური საქვაბეებითა და გამათბობლებით.

პარალელურად, მერი მოუწოდებს დამსაქმებლებს, გადავიდნენ მუშაობის მოქნილ გრაფიკზე ან დისტანციურ რეჟიმზე, რათა შემცირდეს ზეწოლა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე. კიევის მერის განცხადებით, ამჟამად მუშაობას აგრძელებენ საავადმყოფოები და სოციალური დაწესებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ენერგომომარაგების პრობლემა მწვავედ დგას.

ბოლო მონაცემებით, კიევში მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც 20 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 000-ზე მეტი მრავალსართულიანი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა, ქალაქის მარცხენა სანაპიროს კი გარკვეული პერიოდით წყალმომარაგებაც შეუწყდა.

23 იანვრის დილის მდგომარეობით, გათბობა ჯერ კიდევ არ მიეწოდება 1 940 საცხოვრებელ სახლს. გამოცემა The Times-თან საუბრისას კლიჩკომ აღნიშნა, რომ მხოლოდ იანვრის განმავლობაში დედაქალაქი 600 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც შექმნილი ჰუმანიტარული და ენერგეტიკული კრიზისის მასშტაბებზე მიუთითებს.