თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს X-ზე წერს, რომ რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 165 თავდასხმის დრონი გაუშვეს, რომელთაგან დაახლოებით 100 shahed-ის ტიპის იყო. „რუსეთის არმიამ წუხელ კიევში კიდევ ერთი საავადმყოფო „დაამარცხა“, მოქმედი სტაციონარული განყოფილებით. პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. არიან დაშავებულები. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა", - წერს ზელენსკი.
„რა თქმა უნდა, უკრაინელები აღადგენენ ამ საავადმყოფოს. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ - უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ იმას, რაც დანგრეულია“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, უკრაინის პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ, რომ საჰაერო თავდაცვა და დრონების წარმოებისთვის საჭირო დაფინანსება ყოველდღიურად არის საჭირო.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ: საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო; დაფინანსება დრონების წარმოებისთვის ყოველდღიურადაა საჭიროა; აღჭურვილობა ენერგეტიკის სექტორისთვის ყოველდღიურადაა საჭირო. ამ კვირაში ვიმუშავებთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო დახმარება. მადლობელი ვარ ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“, - წერს ზელენსკი.
Last night, the Russian army “defeated” yet another hospital – in Kyiv, with a functioning inpatient unit. Patients had to be evacuated. There are casualties. Sadly, one person has been killed. My condolences to the family and loved ones. Everyone who needs assistance is… pic.twitter.com/qjCwy95MPc
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 5, 2026
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათ ოთახების შემოწმებისას აღმოაჩინეს ერთი ადამიანის ცხედარი. 25 პირის ევაკუაცია განხორციელდა.
5 იანვრის ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა ფასტივის რაიონიც, დაიღუპა ერთი ადამიანი. დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.
ამასთან, რუსეთის კომბინირებული დარტყმის შედეგად კრამატორსკის თემში დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.