თბილისი (GBC) - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის თამარ ონიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო. თამარ ონიანმა 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი.

„საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმით განხილვის უფლება. საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური განაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს", - განაცხადა ონიანმა.

მისი თქმით, საიამ აღნიშნული საჩივარი 2025 წელს გაგზავნა.

საიას თავმჯდომარის განმარტებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლისა (თავისუფალი არჩევნების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ფარგლებში.

„სასამართლო ასევე იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე.

სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივრები მცირე დროში მიიღო არსებითად განსახილველად. აღნიშნული ხაზს უსვამს სასამართლოს მხრიდან საქმის პრიორიტეტულობას და იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც არღვევს კონვენციური უფლებებით დაცულ სფეროს", - განაცხადა თამარ ონიანმა.