თბილისი (GBC) – პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის იმ აქტივების კონფისკაცია, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზეა განთავსებული. ამ იდეას ფინეთის მთავრობის მეთაურმა სანა მარინმაც დაუჭირა მხარი, წერს გამოცემა Yle.

სააგენტოს ცნობით, მორავეცკი უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარების წინადადებით გამოდის. პოლონეთი და ფინეთი ერთობლივად აპირებენ ევროკავშირის მორიგ სამიტზე რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხის გატანას.

„ჩვენ ისე ძლიერად უნდა დავარტყათ რუსეთს, როგორსაც არ ელოდება“, – თქვა მორავეცკიმ.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. ომი დღემდე გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.