თბილისი (GBC) – ლონდონის მერი სადიქ ხანი რუსი ოლიგარქებისა და კორუფციონერების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონფისკაციის ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, ეს ქონება უნდა გაიყიდოს და ამ ფულით სოციალურად დაუცველებისთვის, მათ შორის უკრაინელი დევნილებისთვის სახლები უნდა აშენდეს. ამის შესახებ რადიოსადგური LBC იუწყება.

რედაქცია წერილს ციტირებს, რომელიც ხანმა დიდი ბრიტანეთის ბინათმშენებლობის მინისტრს მაიკლ ჰოუვუს გაუგზავნა. ხანი აღნიშნავს, რომ იმ რუსების უძრავი ქონების ღირებულება, რომლებიც კორუფციაში არიან გახვეული, ლონდონში 2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ Transparency International 1,1 მლრდ გირვანქა სტერლინგად ($1,4 მლრდ) შეაფასა. ლონდონის მერიის დაანგარიშებით, ამ ფულით ღარიბებისთვის 4 ათასზე მეტი სახლის მშენებლობაა შესაძლებელი.

„მინისტრმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ამ ქონების დასაპატიმრებლად, რომლებიც პუტინის გარემოცვამ შეიძინა“, – ნათქვამია ხანის მიმართვაში. წერილი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე მომზადდა.

ხანი წერს, რომ ახალი სახლების ნაწილში უკრაინელი ლტოლვილების განსახლებაც იქნება შესაძლებელი. მერი თებერვალში დახურული უკრაინელი ლტოლვილების დახმარების სამთავრობო პროგრამის ამუშავების ინიციატივითაც გამოვიდა, რათა მათ თავისუფლად შეძლონ ნათესავებთან განსახლება მუშაობისა და სწავლის უფლებით.