თბილისი (GBC) – რუსეთის სახელმწიფო დუმაში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთში დარეგისტრირებულ ბიზნესებს „არასასურველ“ და „ექსტრემისტულ“ რესურსებზე სარეკლამო განცხადებების განთავსებას კრძალავს.

„გთავაზობთ, ავკრძალოთ რეკლამების განთავსება იმ ინფორმაციულ რესურსებზე, რომელთა საქმიანობა რუსეთში მიჩნეულია არასასურველად, ასევე იმ საიტებზე და პლატფორმებზე, რომელთა მუშაობა ჩვენ ქვეყანაში აკრძალულია“, – წერს თავის ტელეგრამ–არხზე კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი ალეკსანდრ ხინშტეინი.

მისი თქმით, Facebook–სა და Instagram–ს რუსეთში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ამ რესურსებზე წვდომას VPN–ით ახერხებენ. ეს კი კომპანია Meta-ს რუსულ სარეკლამო ბაზარზე შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

Facebook რუსეთში 2022 წლის 4 მარტიდან დაბლოკეს, მალევე უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ. საპასუხოდ Facebook–მა თავის ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს. იგივე ბედი ეწია Instagram–ს 14 მარტიდან.