თბილისი (GBC) – რუსეთის ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით დაუწესა ექსპორტიორებს ახალი გადასახადი: „საკურსო გადასახადის“ სახით მათ ჯამში ყოველთვიურად 50 მლრდ რუბლის ($0,52 მლრდ) გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ რუსული მედია ფედერალური ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით წერს. 

ახალი გადასახადის შესახებ მთავრობის დადგენილების თანახმად, ოქტომბრიდან სულ მცირე 2024 წლის ბოლომდე რუსეთში იმოქმედებს საექსპორტო გადასახადი „საქონლის ფართო ჩამონათვალზე“ 4–7%–ის მოცულობით, რუბლის კურსიდან გამომდინარე.

ამასთან, „საკურსო გადასახადი“ არ შეეხება ნავთობის, გაზის, ხორბლისა და ხე–ტყის ექსპორტიორებს. ამდენად, ახალი გადასახადის უმსხვილესი გადამხდელები გახდებიან სამთო-მომპოვებელი კომპანიები, ლითონის, ნახშირისა და სასუქების ექსპორტიორები.

ახალი გადასახადის პარალელურად, რუსეთმა უკვე მის მიერვე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთშიც აკრძალა საავტომობილო საწვავის გატანა. ამ აკრძალვას რუსეთის მთავრობის დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის გატანის დროებითი აკრძალვის შემოღების შესახებ“ ითვალისწინებს. 21 სექტემბერს დამტკიცებული წესის თანახმად, ექსპორტის აკრძალვა არ ეხებოდა საქართველოს ტერიტორიებს, რომლებზეც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი ახორციელებს კონტროლს.

თუმცა, 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შეიტანეს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმებში რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.