თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ "რუსეთი ყოველთვის ცდილობს შესაძლებლობების საზღვარს გასცდეს და თუ ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდება, მაშინ ესკალაციის ახალ დონეს აღწევს. დღეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო"

„რუსულ-ირანული „შაჰედები“ პოლონეთში, NATO-ს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ. მხოლოდ ერთი „შაჰედი“ არ ყოფილა, რომ შეიძლება ამას ინციდენტი ეწოდოს, არამედ პოლონეთისკენ, სულ მცირე, 8 დრონი გაუშვეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „ეს ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“.

„იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად საპასუხო რეაქციის კოორდინაციასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. რუსეთმა შედეგები უნდა იგრძნოს. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება შეუძლებელია და იგი აუცილებლად უნდა დასრულდეს. ძლიერი პასუხია საჭირო და ეს მხოლოდ პარტნიორების, უკრაინის, პოლონეთის, აშშ-ისა და ევროპელების ერთობლივი მოქმედებით არის შესაძლებელი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლონეთის „სუსტი პასუხი“ რუსეთის დრონების შეტევაზე კიდევ უფრო მაპროვოცირებელია კრემლისთვის.

„სუსტი პასუხი კიდევ უფრო აპროვოცირებს რუსეთს და რუსული რაკეტები და დრონები უფრო ღრმად შეფრინდებიან ევროპაში. ეს სიტუაცია გვიჩვენებს, რომ აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს, მიიღონ გადაწყვეტილება პარტნიორებმა, რომ საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოახდინონ რუსული საფრენი აპარატების განადგურება უკრაინის ცაზე“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მომხდარის კომენტირებისგან აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა და ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა რაც მოხდა პოლონეთის ცაზე, თავი აარიდა.

წუხელ რუსეთმა პოლონეთზე მასირებული დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომელშიც ჩართული იყო, Shehed-ების 2 ჯგუფი – 12 და 5 დრონის მონაწილეობით. თავდასხმები განხორციელდა აღმოსავლეთ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რის გამოც დაიხურა პოლონეთის, მათ შორის დედაქალაქის საჰაერო სივრცე. პოლონეთის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდნენ რუსულ დრონებს.