თბილისი (GBC) – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ოთხშაბათს დილით განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში რუსების იერიშები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს, საჰაერო ძალებმა კი 14 დარტყმა მიაყენეს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციის ადგილებს. უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს რუსების სამი სამეთაურო პუნქტი, საარტილერიო და საზენიტო ძალების ორი პოზიცია.
რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელი, „პუტინის მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი კი ირწმუნება, რომ მისმა შენაერთმა ქალაქი სოლედარი მთლიანად დაიკავა და უკრაინელი სამხედროები ალყაში მოაქციეს.
„ვაგნერის" ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია. მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები. დაკავებულთა რაოდენობა ხვალ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა „ვაგნერის” ხელმძღვანელმა, რომელიც სოლედარში ყოფნის დასადასტურებლად ადგილობრივ მარილის საბადოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. კადრში ის ვაგნერის მებრძოლების გარემოცვაშია.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსები სოლედარის მხოლოდ აღმოსავლეთ გარეუბნებს აკონტროლებენ და უკრაინელი მებრძოლები ნაწილობრივ ალყაში არიან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მორიგი ესკალაციისთვის რუსეთი ძალებს აგროვებს და რომ უკრაინამ, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსული აგრესიის შესაჩერებლად.
მანამდე, სამშაბათს საღამოს გახდა ცნობილი, რომ კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოტავა აღნიშნულ სისტემას შეერთებული შტატებისგან შეისყიდის და უკრაინას უფასოდ გადასცემს.