თბილისი (GBC) - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებას ეხება, მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგი ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განხორციელდება.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების შინაარსობრივ მხარეს. უპირველეს ყოვლისა, იცით, რომ ორი მიმართულებაა: სამხედრო და პოლიტიკური. აქ მინდა ვთქვა, რომ სამხედრო მიმართულებით სამივე მხარე კონსტრუქციული იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კერძოდ, „სამხედროებს ესმით, როგორ განახორციელონ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მონიტორინგი, თუკი იქნება პოლიტიკური ნება“.

„ისინი (მოლაპარაკების მხარეები - რედ.), პრინციპში, იქ თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. მონიტორინგი ნამდვილად ამერიკული მხარის მონაწილეობით იქნება. მიმაჩნია, რომ ეს კონსტრუქციული სიგნალია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის შესახებ ყველა სხვა ტექნიკურ დეტალს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანდრიი გნატოვი მოახსენებს, როდესაც ჟენევიდან დაბრუნდება.

18 თებერვალს დილით, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო.

მოგვიანებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 18 თებერვალს მიმდინარეობდა, დასრულდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჟენევაში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, იყო „მძიმე, თუმცა საქმიანი“.

24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.