თბილისი (GBC) – უკრაინელებმა 11 მარტის გამთენიისას მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასირებული დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს. მისი მონაცემებით, ადგილობრივი დროით 04:30–07:00 საათების შუალედში რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს 69 დრონი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ვარდნის შედეგად მოსკოვის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც დომოდედოვოში სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობდა. 

მისივე მონაცემებით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოში 20 ავტომობილი მთლიანად დაიწვა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიევი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ქალაქში მრავალბინიან კორპუსსაც დაეცა, რის შედეგადაც დაზიანებულია 7 ბინა. კორპუსიდან 12 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის სამი ბავშვია.

დრონებით შეტევის შედეგად მოსკოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა. შედეგად, მოსკოვის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტები დრონების შეტევის გამო გაჩერებულია.

Shot–ის მონაცემებით, მოსკოვის მიმართულებით დრონები ჩერნიგოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან გაუშვეს. თითო იერიშში 6–12 დრონი მონაწილეობდა, რათა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ვერ მოესწროთ მათი ჩამოგდება.