თბილისი (GBC) – თურქეთის პრეზიდენტად მორიგი ვადით არჩეული რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას მრავალი ქვეყნის ლიდერი დაესწრება და თურქეთის ლიდერს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებიც ეწვევიან. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

თუმცა, მედიის ცნობით, პუტინი ინაუგურაციას არ დაესწრება და იგი ცალკე ვიზიტით ჩავა თურქეთში. ამის შემდეგ ერდოღანს ზელენსკი ეწვევა.

ვიზიტების ფარგლებში, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით გაიმართება, ერდოღანი პუტინთან და ზელენსკისთან ომის მიმდინარეობას და მარცვლეულის გარიგების საკითხებს განიხილავს.

ერდოღანის ინაუგურაციის თარიღი ჯერ უცნობია. პარასკევს თურქეთის ლიდერი მილოცვებს მიიღებს და ოფიციალურ ვახშამზე უცხოელ ლიდერებს უმასპინძლებს.

„თურქეთს პუტინი ინაუგურაციაზე არ მიუწვევია, ამ ქვეყანაში არ არის მიღებული უცხოელი პრეზიდენტების მონაწილეობა ცერემონიაში“, – აღნიშნავენ კრემლში. პუტინის და ერდოღანის პირისპირ შეხვედრის თარიღს მოსკოვში ჯერ ვერ ასახელებენ.

პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი ბოლოს 29 მაისს შედგა. პუტინმა მეორედ მიულოცა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება. ამის შემდეგ ერდოღანი ზელენსკის ესაუბრა, მათ უკრაინაში ომი და რეგიონული პრობლემატიკა განიხილეს.