თბილისი (GBC) – თბილისის მერია ორთაჭალაში საცხოვრებელ კორპუსში 14 იანვრის ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაზარალებულები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

მერიის ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა.

„მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება.

მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე 9-სართულიან კორპუსში აფეთქება 14 იანვრის ღამით მოხდა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. 

„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა და ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ.

სარჯველაძის თქმით, ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.