თბილისი (GBC) - აგრარული მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები სრულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ნაცვლად, პირველკურსელებს აღნიშნულ სპეციალობებზე უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულმა პროგრამებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის პროცესი უკვე წარმატებით გაიარეს. რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სტუ-ის აგრარულ მიმართულებებზე, ისინი სწავლას იმავე უნივერსიტეტში დაასრულებენ.
ამასთან, მიქანაძის თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში აკრედიტაცია გაიარა კიდევ ორმა რეგიონულმა სასწავლებელმა - შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლებიც ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებში პრიორიტეტულ მიმართულებებად სწორედ ვიწრო პროფილური სფეროები: პედაგოგიკა, ტურიზმი და აგრარული პროგრამები განისაზღვრა, რის გამოც იმ სასწავლებლებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, სტუდენტთა მიღების კვოტებიც გაეზარდათ.
