თბილისი (GBC) – ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს და 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა ხდება.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 31 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის დაახლოებით 87%-იანი თერმული დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანიცაა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აფეთქების კერა და გამომწვევი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და ადგილზე ნგრევის საფრთხე კვლავ არსებობს.
„აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი ირაკლი დეკანოიძეც. მისი თქმით, კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიის ბაზაში დაკეტილად ირიცხებოდა და მიმდინარე წელს იქ გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ დაფიქსირებულა. ბოლო სართულზე მდებარე ეს ბინა ჩვენს ბაზაში დაკეტილად ირიცხება, თუმცა, როგორც ჩანს, იქ ადამიანები პერიოდულად მაინც შედიოდნენ“, - აღნიშნა ირაკლი დეკანოიძემ.
კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მუნიციპალიტეტისა და შსს-ს ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს, ხოლო მუნიციპალური ლაბორატორია შენობის მდგრადობას სწავლობს. მერის თქმით, შემოწმების დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მერია კორპუსში მცხოვრებ 90-ვე ოჯახს სასტუმროებში დააბინავებს.
