თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 3Q26-ში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8%-ით მეტი, სულ 4.1 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 5.7% მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.1% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 62.1% - ტრანზიტზე.

3Q26-ში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.9% მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.1% კი - ქვეყნიდან გატანილზე.

3Q26-ში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.2%-ს გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.1%-ს გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 55.7%).

3Q26-ში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 24.4%-ს დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 8 პროცენტისას - ყაზახეთი, 7 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 60.6%).

3Q26-ში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

  • 9.2% - თურქეთი
  • 8.3% - ნიდერლანდები
  • 5.7% - ჩინეთი
  • 1.8% - იტალია
  • 1.1% - უკრაინა
  • 0.7% - რუმინეთი

დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 4.8%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.9 პროცენტისას - თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.7% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 21.5% - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 11.5% - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებზე და თამბაქოზე.

3Q26-ში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.4% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.8% ეჭირა სატრანსპორტო აღჭურვილობას, ხოლო 14.8% - კოქსისა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (13.7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (7.9%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (7.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (7.7%), ძირითადი ლითონები (6.5%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.5%), ხე და ხის კორპის პროდუქტები (1.8%), მანქანები და აღჭურვილობა (1%); ხოლო გატანილია საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (24.9%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (16.4%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6%)  და ძირითადი ლითონები (12.5%).

საქსტატის მონაცემები, 3Q26-ში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.2% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (35%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30.8%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.4%).

3Q26-ში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 708 ათასი მგზავრი, რაც 20.2%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 164.5 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

3Q26-ში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 619.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 87.5%-ს შეადგენს და 8.1%-ით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 88.2 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 5.6 ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში მგზავრების გადაყვანის 35.5% - აზერბაიჯანიდან შემოსვლაზე მოდიოდა, 12.6% - სომხეთიდან შემოსვლაზე, 36.8% - აზერბაიჯანის მიმართულებით გასვლაზე, ხოლო 15.1% - სომხეთის მიმართულებით გასვლაზე.