თბილისი (GBC) – „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინა, რომელიც აფეთქების კერად დასახელდა, კომპანიის მონაცემთა ბაზაში დაკეტილად არის აღრიცხული და მიმდინარე წელს იქ ბუნებრივი აირის მოხმარება არ ფიქსირდება.
დეკანოიძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან ან სხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კომპანიაში გამოძახება არ შესულა. მისივე განმარტებით, ნგრევის გამო „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინაში შესვლა და ადგილზე დათვალიერება ამ ეტაპზე ვერ შეძლეს, რის გამოც კომპანიას საკუთარი ვერსია ჯერ არ აქვს და მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
„ჩვენმა თანამშრომლებმა მისამართზე შესვლა ვერ შეძლეს, რადგან ბინები დანგრეულია. მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. ამ ეტაპზე ადგილზე დათვალიერება ვერ შევძელით და მომხდართან დაკავშირებით რაიმე ვერსია არ გვაქვს. რაც შეეხება მეხუთე სართულზე მდებარე ბინას, ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება დაკეტილად და გაზის მოხმარების ხარჯი არ ფიქსირდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მისამართზე მივიდნენ, ადგილზე არავინ დახვდათ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ადამიანი საცხოვრებელ ბინაში იშვიათად მიდიოდა“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინების გეგმურ დათვალიერებას წლის განმავლობაში ატარებს. პრევენციის მიზნით კი, სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაზის სუნის შეგრძნებისთანავე დაუყოვნებლივ დარეკონ უფასო ცხელ ხაზზე - 114, რათა ჯგუფებმა დროული რეაგირება მოახდინონ.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდო ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით კი, ადგილზე 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
