თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და სურს, აშშ მას, როგორც პარტნიორს, ისე ენდოს და არა რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის "მანიპულაციურ განცხადებებს". ამის შესახებ ზელენსკიმ New York Post-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინას მშვიდობა ბევრად უფრო მეტად სურს, ვიდრე პუტინს. თუმცა, პუტინი ყველაფერს აკეთებს იმის საჩვენებლად, თითქოს მშვიდობა მას უნდა, უკრაინას კი - არა. ეს არის სიგნალი, რომსაც ის ამერიკას უგზავნის. ეს სიცრუე და მანიპულაციაა. მე ძალიან მინდა, რომ ამერიკამ ჩვენ დაგვიჯეროს, რადგან ჩვენ მათი პარტნიორები ვართ“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ასევე სურს მშვიდობა, შესაბამისად, შეერთებული შტატები და უკრაინა „ამ საკითხში მოკავშირეები არიან და ამაში ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ“.
ზელენსკიმ ასევე შეახსენა აუდიტორიას, რომ უკრაინამ მყისიერად მოახდინა რეაგირება თხოვნაზე, როდესაც საჭირო გახდა ახლო აღმოსავლეთის დახმარება, რაც მოკავშირეობის გამოვლინებაა.
„ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ სამშვიდობო შეთანხმების ვარიანტები. ჩვენ უნდა შევხვდეთ ამერიკელებს. გვაქვს კიდევ რამდენიმე იდეა, თუ როგორ შეგვიძლია ვაიძულოთ ეს ომი, რომ დასრულდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის მისამართით პრეტენზიები გამოთქვა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების უშედეგობის გამო და განაცხადა, რომ ახლა ზელენსკის „კიდევ უფრო ნაკლები კარტი“ აქვს ხელში.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინთან და დიალოგს „ძალიან კარგი“ უწოდა.
ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმით, რომ თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როცა კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი თითქოს მზად არის ამისთვის.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს შეხვედრას თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან, რადგან „არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც ერთ ადგილზე დგას“.