თბილისი (GBC) - საქართველოში თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა 20-ვე ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას 13 ნოემბერს CNN TÜRK ავრცელებს.
მე-20 დაღუპულის პოვნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს.
11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა (Lockheed C-130 Hercules) კატასტროფა განიცადა.
შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.