თბილისი (GBC) - „ბაკურიანი ციდას“ წყლით შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ ფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება", - წერს სააგენტო.

"ბაკურიანის" წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადება ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველომაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ კონკრეტულ მაღაზიაში „ბაკურიანი ციდას“ ნიმუშები შეამოწმა და დარღვევა არ გამოვლინდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი.