თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოში 113 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.6% მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 15.9% – ქვემო ქართლის რეგიონში, 15.9% – შიდა ქართლის რეგიონში, 15.9% – იმერეთის რეგიონში, 10.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8% – მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15% სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 3Q25-ში სასაკლაოებში დაიკლა 129.4 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 31.7% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 61.3% – ღორი, ხოლო 5.7% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.3%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 274.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 3Q25-ში 16.7 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.1% მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35% – ფრინველის ხორცზე, 35.2% – ღორის ხორცზე, 0.7% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.9 ათას პირს, საიდანაც 46.4% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 966 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 39.9 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.8 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.2 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოში 312 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (57.1%) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო თბილისში (14.1%), კახეთის რეგიონში (8.7%), ქვემო ქართლის რეგიონში (5.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.5%), იმერეთის რეგიონში (4.2%), აჭარის ა.რ.-ში (2.9%), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1%), გურიის რეგიონში (1%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3%).

3Q25-ში მომსახურება გაეწია 373 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 748 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 740 კაცით განისაზღვრა.

3Q25-ის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 108.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 32.8% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.1% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 19.4% – თევზეული, 19% – ხილი და ბოსტნეული, 4.6% – რძის პროდუქტები და 4.1% – სხვა პროდუქტები.

3Q25-ში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 24.4%-ს – საკუთარი წარმოების, 25.7%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 49.9%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მილიონი ლარი შეადგინა.

3Q25-ში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 207 მილიონი ლარის ღირებულების (24.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 40.8%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 16.8%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 42.5%.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 32.1% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (38.5%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (18.6%), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (16.7%) და თევზეულზე (8%) მოდიოდა.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 11.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5.4%-ს შეადგენდა.

საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 55.1%-ს, აგვისტოში – 51.5%-ს, ხოლო სექტემბერში – 48.8%-ს.

3Q25-ში საქართველოში 31 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (35.5%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 19.4% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 16.1% კახეთის რეგიონში, 9.7% – შიდა ქართლის რეგიონში, 9.7% – თბილისში, 6.5% – იმერეთის რეგიონში, 3.2% კი – გურიის რეგიონი.

3Q25-ის განმავლობაში მომსახურება გაეწია 11 მომხმარებელს.

მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 54 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 403 კაცით განისაზღვრა.

3Q25-ში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 136.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 70.3%-ს წარმოადგენდა ხორბალი და 15.9%-ს სოიოს შროტი.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 71.8%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

3Q25-ში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა 75.7 მილიონი ლარის ღირებულების 76.9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 29.8% იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 60.3% – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი,რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 77.4%.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 49.2%-ს, აგვისტოში – 49.4%-ს, ხოლო სექტემბერში – 49.9%-ს.