თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 198 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.4% თბილისში იყო განთავსებული, ხოლო 16.2% - იმერეთის, 12.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.1% - კახეთის, 7.6% - ქვემო ქართლის, 5.6% - აჭარის, 4.5% - შიდა ქართლის, 2% - მცხეთა-მთიანეთის, 2% - სამცხე-ჯავახეთის, 1.5% - გურიის და 1.5% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2025 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 72.7%, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად - 23.8%. დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ სააქციო საზოგადოების (2.5%) და კოოპერატივის (1%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2025 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 96.5% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო დანარჩენი 3.5% - სახელმწიფო საკუთრებაში.
2025 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებული იყო 2 მილიონ კვ. მეტრ ფართობზე და მათ გააჩნდათ 60 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1 061 შემნახველი საკანი (საწყობი) 22 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 292 მაცივარი.
2025 წელს მოქმედი ბაზრობების 35.9% გადახურული იყო (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობდა), 34.3% იყო ღია ტიპის (ვაჭრობა მიმდინარეობდა შენობის გარეთ), ხოლო 29.8% იყო ნახევრად გადახურული (ვაჭრობა მიმდინარეობდა შენობაშიც და შენობის გარეთაც).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდებოდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 30.8%-ში ვაჭრობა მიმდინარეობდა მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ორ ბაზრობაზე - მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე - ავტომობილებითაც, ხოლო სამ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი.
საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებული იყო კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობდა 153 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა – 23 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობდა 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი ან ოთხდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.
საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 2025 წელს იყო 46.5 ათასი სავაჭრო ადგილი, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.1 ათასი კაცი შეადგინა.
2025 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 2.7 ათასი შეადგინა, რომელთაგანაც 32.6% იყო ქალი. ამასთან, დასაქმებულთა 48.1% თბილისზე მოდიოდა.
2025 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა ₾208.8 მლნ შეადგინა, საიდანაც 9.6 მილიონი ლარი (4.6%) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალი იყო, ₾180.7 მლნ (86.5%) - სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო ₾18.6 მლნ (8.9%) - სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა ₾128.6 მლნ შეადგინა, საიდანაც დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება იყო ₾55.2 მლნ.
