თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.2%-ით გაიზარდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 11.9%-ით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 5%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 9.3%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 9.2%-იანი ზრდა.