თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8.8%-იანი მატება.
საქსტატის მტკიცებით, 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 2.8%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.18 პ.პ-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.5%), რამაც 0.37 პ.პ შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (1.3%) და სასმელებზე (1%).
გარდა ამისა, ფასების 0.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.03 პ.პ შეადგინა.
12 -თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 23.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.37 პ.პ-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (28%);
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.52 პ.პ-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.7%) და ძირითადი ლითონები (18.4%);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.72 პ.პ-ით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პ.პ-ით იქონია გავლენა.