თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.6%-იანი მატება.

2025 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 8%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.56 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.5%), რამაც 0.42 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.8%) და ძირითად ლითონებზე (2.9%). გარდა ამისა, ფასების 0.6%-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.07 პ.პ. შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 21.7%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.41 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (30.1%)
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.9%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.13 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (9.7%) და სასმელებზე (5.2%)
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.04 პ.პ.-ით იქონია გავლენა
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 0.2%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.01 პ.პ.-ით იქონია გავლენა