თბილისი (GBC) - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის საწყის ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სულ გადაყვანილია 2 189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებული მგზავრების რაოდენობას.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 442 458 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 13% შეადგინა. პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 506 564 მგზავრს მოემსახურა, რაც 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 233 725 მგზავრმა ისარგებლა, რაც 44%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტებში ათი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა, რაც 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენები რაოდენობას. ჯამურად, განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ შეადგინა 7744 ავიარეისი, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 2338.
მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-აპრილში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10599.332 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.
2025 წლის იანვარ-აპრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს Wizz Air. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 392 454 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
- Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
- Georgian Airways – 7% (160 437 მგზავრი);
- Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
- Azerbaijan Airlines – 7% (141 468 მგზავრი).
2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 61 სამგზავრო ავიაკომპანია 96 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.