თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 3 007.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
- რუსეთი (653.4 მლნ. აშშ დოლარი),
- თურქეთი (402.5 მლნ. აშშ დოლარი),
- ჩინეთი (273.4 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 321.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%).