თბილისი (GBC) - საქსტატის გამოკვლევის შედეგების თანახმად, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9% შეადგინა.

საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად, 69.1% და 61.5%). განხორციელებული ინოვაციების 65.2% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 34.8% სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 82.5% შემუშავებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 23.8% - სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 23.6% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება-მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 18.5% შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 45.9%-მა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.9% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 36.6% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, საქსტატის მიერ ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.