თბილისი (GBC) – რუსული ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ამ ზამთარს თბილისი რუსი ტურისტებისთვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა. 

პორტალ TourDom–ის ინფორმაციით, ამ მიმართულების პოპულარობა 200%–ით არის გაზრდილი. კიდევ ერთი ქსელის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაყიდვები გაათასმაგებული აქვთ. ამის მიზეზად ტუროპერატორები პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ასახელებენ თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით როგორც მოსკოვიდან და სოჭიდან, ისე ფედერაციის სხვა რეგიონებიდანაც.

„რეისები ბევრია, თვითმფრინავები სავსე“, – აცხადებენ რუსეთის ტურისტულ სააგენტოებში.

„ყველაზე ხშირად 8-დღიან ტურებს ირჩევენ, ფასი $500–დან იწყება, ფრენის გარეშე. განთავსება, საუზმე, ღვინის დეგუსტაცია, შესანიშნავი ქართული ვახშამი. თუმცა უფრო ხანგრძლივი მოგზაურობებიც არის. ახლა, მაგალითად, რუსების ჯგუფთან ვმუშაობთ, რომელიც 11 დღით ჩამოდის“, – უთხრა ekhokavkaza.com–ს ტურისტული კომპანია GavaziTravel–ის მფლობელმა რამაზ ბეროშვილმა.

მანვე დასძინა, რომ „თბილისში სიმშვიდეა. ტურისტებს საერთოდ არაფრის უნდა ეშინოდეთ, ყოველთვის იყო და არის პატივისცემა“.

რუსული ტუროპერატორების ცნობით, მიუხედავად საახალწლო აჟიოტაჟისა, თბილისის სასტუმროებში ჯავშნების გაკეთებაზე პრობლემა არ შეჰქმნიათ.