თბილისი (GBC) - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია... ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც 2025 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები მარკეტინგულ ღონისძიებებს განახორციელებენ. პროექტის ჯამური ბიუჯეტი ₾17,4 მლნ-ით განისაზღვრა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე წელს ქართული ღვინო წარდგენილი იქნება მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, სადაც ქართული ღვინის მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა თუ ფესტივალში.

ღვინის ეროვნულ სააგენტო GBC-ის აწვდის ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ბრიტანულ მარკეტინგული კომპანიასთან „Swirl Wine Group” გაფორმებული კონტრაქტის ბიუჯეტი შეადგენს 1 120 000 ლარს.

აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდა.

კონტრაქტის ფარგლებში, მიმდინარე წელს ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ღვინის პროფესიონალების მედიისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ლონდონში, 19-21 მაისს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair. აღნიშნული პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი კი 100 ათასი ლარი იქნება.

2024 წელს ანალოგიურ კამპანიაში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით 16 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2023 წელს – 14 მლნ ლარი.