თბილისი (GBC) – მსოფლიოს საუკეთესო ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველოს მე-18 ადგილი უკავია, გლობალური მოთხოვნა კი ღვინოზე იზრდება. ამ ფაქტმა ქართველი მეღვინეები აიძულა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ და გადაეხედათ ქართული ღვინის 8000–წლოვანი უწყვეტი ისტორიისთვის და კვლავ გაეოცებინათ მსოფლიო.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წელს 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც ახალი ბაზრების ათვისებას უნდა მოხმარებოდა. სამიზნეს კი წარმოადგენს: გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრები.

სასურველი შედეგი ჯერ არ ჩანს. მაგალითად, თუ 2022 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი შეადგენდა 60%-ზე მეტს ახლა ეს მაჩვენებელი 69-% მდე გაიზარდა. შესაბამისად, გაუარესებულია ექსპორტის მაჩვენებლები ევროკავშირის ბაზარზე. თუ 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში EU-ში 4 მილიონ 998 ათასი დოლარის ღვინო იყო გატანილი, 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3 მლნ 814 ათას დოლარამდე შემცირდა. კლებაა პოლონეთისა და ყაზახეთის ბაზრებზეც. გასულ 2 თვეში რუსეთში თითქმის 24 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილზე მყოფ უკრაინასა და პოლონეთში ღვინის ექსპორტი $1.7 მლნ–ს მცირედით აღემატებოდა. ხუთეულშია ჩინეთი და ყაზახეთი. სხვა ქვეყნებში კი, ღვინის ექსპორტი 1 მლნ დოლარზე ნაკლებია. „საქსტატის“ მონაცემებით, წლის პირველ 2 თვეში ექსპორტზე 34.5 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9%-ია.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის ბაზარი საერთოდ არ აქცევს ღვინის ხარისხს ყურადღებას (ან აქცევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მის პოლიტიკურ ინტერესებში შედის). მათთვის მთავარი ფასია. ევროპის ბაზარზე კი ყველაფერი პირიქითაა – მათთვის მთავარი ხარისხია. ამდენად, ჩვენთვის უფრო მომგებიანი ევროპის და ამერიკის ბაზრების ათვისებაა, თან იმ ფონზე, როდესაც ქართული ღვინის ცნობადობა ამ ბაზრებზე დაბალია, რთულია წარმოდგენა შეუქმნა და ყიდვის სურვილი გაუჩინო იქაურ მომხმარებლებს.

ასევე, რამდენიმე დომინანტურ ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში ღვინის წარმოება ოდნავ შემცირდა არახელსაყრელი ამინდის და ინფლაციის მიზეზით. ისევე, როგორც ეს მოხდა 2022 წელს საშინელი გვალვის გამო. მაშინ რთვლის სეზონი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ჩვეულებრივზე ერთი თვით ადრე დაიწყო. ეს მოხდა გერმანიაშიც, როგორც გერმანიის ღვინის ინსტიტუტი აღნიშნავს, მუდმივად მზიანი ამინდების გამო ვენახების უმეტესობა “მედგრად იდგა”, თუმცა მოსავალი მაინც უფრო ადრე აიღეს. საქართველოს ეს პრობლემა ასე მკვეთრად არ შეხებია. ზოგან ერთი კვირით ადრე დაიწყეს, ზოგან დროულად. გვალვა და ურწყავობა განსაკუთრებით მკვეთრად ქართლში დაფიქსირდა. თუმცა მთლიანობაში ყურძნის ხარისხს მეღვინეები არ უჩივიან, პირიქით, ზოგან, მაგალითად, ბოლნისში, მოსავალი გაცილებით მაღალი ხარისხისა იყო, ვიდრე შარშან. სამეგრელოსა და გურიაში უხვნალექიანი გაზაფხული ხვატმა შეცვალა. წვიმების გამო კი რთველი ბევრმა მევენახემ გადადო. არამდგრადი ამინდი და ტემპერატურა კი, როგორც ამბობენ, მოსავალსა და ხარისხზეც აისახა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ქართული ღვინის ბაზარს მნიშვნელოვანი პრობლემები გაუჩინა. მაგალითად San Francisco Chronicle-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ვიგებთ რომ: “აშშ-ში ნატურალური ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეობა, ქვევრის ქარვისფერი ღვინო, ბოლო დროს კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა, მიწოდება კი გართულდა უკრაინის ომის გამო. მაგალითად, Trash Pie + Natural Wine-ის მფლობელი კაილა აბე აღნიშნავს, რომ ოთხი თვის დაგვიანებით მიიღო იმპორტირებული ქართული ღვინოები, თუმცა ბედნიერია, რომ ახლა ღვინოები უკვე მასთანაა. როგორც San Francisco Chronicle აცხადებს, ღვინის მყიდველები საქართველოდან ბოლო თვეებში იმპორტირებული ღვინის სიმწირეს განიცდიან, განსაკუთრებით კი ნატურალური ღვინის მოყვარულები, რომლებიც უძველეს, პრეინდუსტრიულ ტექნოლოგიასა და ქვეყნის პატარა მარნებს აფასებენ. ქართული ღვინის იმპორტი აშშ-ში გაიზარდა თითქმის 240%-ით 2012-2021 წლებში. საქართველოს საბაჟოს მონაცემებით, გასულ წელს მილიონ ბოთლსაც გადააჭარბა ექსპორტირებულმა საქონელმა”.

რა მარკეტინგული საშუალებებით ცდილობენ საქართველოში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და რა კეთდება იმისათვის, რომ ქართული ღვინო უფრო მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდეს ამაზე ჩვენ ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტში გვიპასუხეს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ჩავწერეთ:

  •  ღვინის ეროვნული სააგენტო რა მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და რა შედეგები გვაქვს ამ კუთხით?

ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს 8 ქვეყანაში, ე.წ სტრატეგიულ ბაზრებზე, ესენია: აშშ, ინგლისი, ჩინეთი (რომელიც მოიცავს ჰონკონგს, სინგაპურსა და მაკაუს), იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ლატვია, სამხრეთ კორეა. ამ ქვეყნებში მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება ადგილობრივი ღვინის მარკეტინგული კომპანიების მეშვეობით (ძირითადად ღვინის მაგისტრები ფლობენ ესეთ კომპანიებს, რაც საკმაოდ ზრდის ქართული ღვინის საერთაშორისო ასპარეზზე სწრაფად დამკვიდრების შესაძლებლობას). ეს ღონისძიებები მოიცავენ ადგილზე დეგუსტაციებს მთელი წლის განმავლობაში, რომლებიც მიმართულია მედიისა და სავაჭრო წარმომადგენლებისთვის, საქართველოში 2-2 ვიზიტს წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ღვიის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პირისპირ შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს და ასევე საერთაშორისო ღვინის გამოფენებს.

ყველა ამ ქვეყანაში, სადაც უკვე წლებია ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, ფიქსირდება ექსპორტის ყოველწლიური ზრდა.

• რა გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის ომმა ქართული ღვინის ექსპორტზე?

რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა მოახდინა რუსეთს ექსპორტის წილის მნიშვნელოვან ზრდაზე (დაახლ. 70%-ია რუსეთის ექსპორტის წილი ამჟამად, ომამდე იყო შენარჩუნებული 58-60%), უკრაინის ექსპორტის განახევრება. თუმცა მოიმატა საექსპორტო ქვეყნების რაოდენობამ, რამაც 65 შეადგინა. მთლიანობაში, დღეის მდგომარეობით, ექსპორტი რაოდენობაში 19%-ით, ხოლო თანხობრივად 12%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

• რა კეთდება იმისათვის, რომ ქართული ღვინო მოხვდეს მაღალ საფასო სეგმენტში და ახლა რა საფასო სეგმენტშია იგი?

მთლიანი საშუალო ექსპორტის ფასი არის დაახლოებით $3/ლიტრი. გააჩნია ქვეყანას - მაგალითად აშშ-ში ქართული ღვინო საშუალო და მაღალ სეგმენტშია, მინიმუმ $15.00/ბოთლი, იაპონიაში, ინგლისშიც ასეთივე სეგმენტშია, საშუალოდან მაღალი.

ზოგადად, მაღალი და პრემიუმ სეგმენტში ღვინის მოხვედრა ეს კომერციული საკითხია და შესაბამისად ღვინის ბიზნესის კომპეტენციაა უფრო, ვიდრე ღვინის ეროვნული სააგენტოსი ან რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციის.

• ღვინის საექსპორტო ბაზარზე რა პრობლემებთან შეჯახება უხდება როგორც დიდ კომპანიებს, ასევე მცირე მარნებს?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ცნობადობის ნაკლებობა დასავლეთსა და აზიის ბაზრებზე. სწორედ ესაა ჩვენი სააგენტოს მთავარი ამოცანა, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის და ზოგადად საქართველოს ცნობადობა იმ ნიშნულამდე, როდესაც უკვე მასიური მომხმარებლის ერთ-ერთი არჩევანი იქნება ქართული ღვინო, ღვინის არჩევის პროცესში.

აღსანიშნავია ის, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს  Intelli News-ის გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სადაც “თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელმა ზურაბ რამაზაშვილმა ისაუბრა: “ომის გამო ცენტრალური ევროპის სხვა ბაზრებზე, კერძოდ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სატრანსპორტო მარშრუტები შეიზღუდა. საქართველო კი სახმელეთო ტრანსპორტზე დიდწილადაა დამოკიდებული. ომამდე ევროპაში სატვირთო გადაზიდვები რუსეთისა და უკრაინის გავლით გადიოდა, რასაც მაგალითად, პოლონეთამდე 10 დღე სჭირდებოდა. თუმცა ახლა ტვირთების გადამისამართება თურქეთიდან ხდება, რაც საზღვარზე გრძელ რიგებს იწვევს და საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე პროდუქტს 1 თვე  ან თვეზე მეტი სჭირდება”.

Intelli News-ის სტატიაში ასევე ხაზგასმით წერია, რომ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები გლობალური ინფლაციის ზოგად ეფექტებთან ერთად  ზრდის ფასს. გაიზარდა ასევე ბოთლებისა და ეტიკეტების, ყველა იმ პროდუქტის ფასიც, რომელიც  აუცილებელია ჩამოსხმისთვის. თუმცა, როგორც რამაზაშვილი აღნიშნავს, ზოგიერთ ღვინოზე მაინც არ შეიმჩნევა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან მეღვინეები გაზრდილი წარმოების ხარჯების ათვისებას ცდილობენ, რათა მყიდველი და მომხმარებელი არ “განაწყენდეს”: “ჩვენი მომხმარებელი ღვინის ღირებულების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. ასე რომ ჩვენ, თუ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, ნაკლებ მოგებას ვხედავთ, თუმცა ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხი ჩვენი ღვინით დაინტერესებულია, ჩვენ კი არ გვინდა, რომ მყიდველი დავკარგოთ”- ამბობს რამაზაშვილი.

ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ფასის საკმაო სხვაობა ჩანს მსხვილ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებთან (ისეთი ქვეყნები როგორიცაა: იტალია,, ესპანეთი, საფრანგეთი), იგი კონკურენციას უწევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე არგენტინასა და ჩილეს.

ამდენად, როგორი იქნება 2024 წლის ღვინის ბაზარი და რა პრობლემებთან შეჯახება მოუწევთ ქართველ მეღვინეებს, ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული…

ავტორი: ანა გულბათაშვილი, სტაჟიორი. საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის IV კურსის სტუდენტი.