თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ მონრეალში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე La Grande Dégustation de Montréal ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო წერს.
ფესტივალი La Grande Dégustation de Montréal უკვე მეთხუთმეტე წელია იმართება და ის კვებეკის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება, რომელსაც ყოველწლიურად 10 ათასამდე ვიზიტორი ესწრება.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ცხრა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც კვებეკისა და ონტარიოს რეგიონებში უკვე იყიდება.
ღონისძიების სტუმრების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალს დაესწრნენ ღვინის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინოები კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და სხვ ქვეყნებიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სალომე ქურასბედიანმა და საელჩოს წარმომადგენლებმა.
ღვინის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ქართული ღვინის ექსპორტი კანადაში ყოველწლიურად სტაბილურად მზარდია.
2024 წლის მონაცემებით, კანადაში ექსპორტირებულია 200,000-მდე ლიტრი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1,1 მლნ აშშ დოლარი და წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა 35%-იანი ზრდა. ზრდის ტენდენცია გრძელდება 2025 წელსაც; 10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 193 ათას ლიტრი ღვინო; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19% შეადგინა. კანადაში ქართული ღვინის ექსპორტიდან 10 თვეში მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მლნ ლარს მიაღწია, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.