თბილისი (GBC) – საქართველოში Google Street View-ის პროექტი ოფიციალურად დაიწყო, რომელშიც კორპორაცია Google-თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო არიან ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, Google-ის პლატფორმაზე საქართველო 24 ქალაქით იქნება წარმოდგენილი. მასზე დატანილი იქნება ქალაქები კონკრეტული ხედებით, ქუჩებით, საკვები და სასტუმრო ობიექტებით, მაღაზიებით. ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე აღნიშნულ პლატფორმაზე დაათვალიერონ ქალაქები და ისე დაგეგმონ მოგზაურობა.

პროექტის ფარგლებში, გუგლის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. იგეგმება 15 000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქების, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა. ძირითადი ფოკუსირება მოხდება გზებსა და მაგისტრალებზე. საქართველოს ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის. „Google Street View არის დამატებითი ციფრული ხელსაწყო ტურისტებისთვის, რომლითაც ისინი საქართველოში მოგზაურობის სწორად დაგეგმვას შეძლებენ“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.