თბილისი (GBC) – ფედერალურმა სამართალდამცველებმა დააკავეს ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც, ბრალდების თანახმად, კონფიდენციალურ ინფორმაციას იყენებდა პროგნოზირების ბაზრის პლატფორმა Polymarket-ზე ვენესუელის იმდროინდელი ლიდერის, ნიკოლას მადუროს შეპყრობასთან დაკავშირებული ფსონების დასადებად. ამის შესახებ POLITICO წერს.
აშშ-ის არმიის 38 წლის ჯარისკაცმა განონ კენ ვან დაიკმა, რომელიც მადუროს შეპყრობის ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა, Polymarket-ზე ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ათზე მეტი ფსონი დადო. ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთშაბათს განაცხადა. მას ბრალად ედება სამთავრობო კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი გამორჩენისთვის უკანონოდ გამოყენება, სხვა ბრალდებებთან ერთად. პროკურორების თქმით, ვან დაიკის ფსონებმა ჯამში $33 034 შეადგინა, საბოლოოდ კი მან $400 000–ზე მეტი მოიგო.
POLITICO წერს, რომ აღნიშნული საქმე ხაზს უსვამს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას ინსაიდერული ვაჭრობის საფრთხეებთან დაკავშირებით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Polymarket და მისი მთავარი კონკურენტი Kalshi. ოდესღაც ნიშური ფინანსური ბირჟები, პროგნოზირების ბაზრები გასული წლის განმავლობაში ჩრდილიდან გამოვიდნენ და მომხმარებლებს ფსონების ფართო არჩევანს სთავაზობენ ყველაფერზე - აშშ-ის არჩევნებითა და სპორტით დაწყებული, ამინდით დასრულებული.
თუმცა, მათმა აღზევებამ ისეთ გეოპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული დროული ფსონების პარალელურად, როგორიცაა მადუროს შეპყრობა და ომი ირანში, პოლიტიკოსებში ამ კომპანიებისა და მათი რეგულირების შესახებ სერიოზული კითხვები გააჩინა. მადუროსთან დაკავშირებულმა ვაჭრობამ Polymarket-ზე მიმდინარე წლის დასაწყისში დიდი რეზონანსი გამოიწვია და კონგრესის ყურადღებაც მიიპყრო. მალევე, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ პროგნოზირების ბაზრებზე ინსაიდერული ვაჭრობის ფაქტებზე საქმეების აღძვრას ელოდა.
„პროგნოზირების ბაზრები არ არის თავშესაფარი მითვისებული კონფიდენციალური ან საიდუმლო ინფორმაციის პირადი გამორჩენისთვის გამოსაყენებლად“, - განაცხადა კლეიტონმა, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილმა თავმჯდომარემ, რომლის უწყებამაც ვან დაიკს ბრალი წაუყენა. „ბრალდებულმა, სავარაუდოდ, ბოროტად გამოიყენა აშშ-ის მთავრობის ნდობა, როდესაც სენსიტიური სამხედრო ოპერაციის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია ამავე ოპერაციის ვადებსა და შედეგებზე ფსონების დასადებად გამოიყენა. ეს არის აშკარა ინსაიდერული ვაჭრობა და ფედერალური კანონმდებლობით უკანონოა“.
უოლ სტრიტის რეგულატორებმა სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიიდან (CFTC) ასევე წაუყენეს ბრალი ვან დაიკს „გასაიდუმლოებული არასაჯარო ინფორმაციის“ გამოყენებით ინსაიდერულ ვაჭრობაში. CFTC-ის თავმჯდომარემ, მაიკლ სელიგმა განაცხადა, რომ ვან დაიკს „ანდობდნენ კონფიდენციალურ ინფორმაციას აშშ-ის ოპერაციების შესახებ, მან კი გადადგა ნაბიჯი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს“.
ვან დაიკი ვაჭრობდა Polymarket-ის არარეგულირებადი საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, რომელიც კრიპტოვალუტის ტექნოლოგიაზე მუშაობს და წესით აშშ-ის მომხმარებლებისთვის დახურული უნდა იყოს. სარჩელის მიხედვით, ვან დაიკმა, რომელიც მასტერ-სერჟანტია და ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრეგში მსახურობს, პლატფორმაზე შესასვლელად ვირტუალური კერძო ქსელი (VPN) გამოიყენა. VPN-ები მომხმარებლებს ინტერნეტში ადგილმდებარეობის დამალვის საშუალებას აძლევს და პროგნოზირების ბაზრების მოთამაშეები მას წლების განმავლობაში იყენებენ ბლოკირებების გვერდის ავლისთვის.
2022 წელს CFTC-სთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, Polymarket იძულებული გახდა საერთაშორისო ბირჟა ამერიკელებისთვის ჩაეკეტა, რადგან კომპანიას აშშ-ში უკანონო საქმიანობაში სდებდნენ ბრალს. მას შემდეგ კომპანია ცდილობს გახსნას მეორე, CFTC-ის მიერ რეგულირებადი პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, თუმცა პროდუქტი ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია.
მიუხედავად ამისა, კომპანია ფინანსური და პოლიტიკური გავლენიანი პირების ფავორიტად იქცა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელმა კომპანიამ, Intercontinental Exchange-მა მარტში განაცხადა, რომ კომპანიაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა (მანამდე განხორციელებული 1 მილიარდიანი ინვესტიციის შემდეგ). გასულ წელს კი, ვენჩურულმა ფირმამ 1789 Capital, რომლის პარტნიორიც დონალდ ტრამპ უმცროსია, კომპანიაში ინვესტიცია დაუდგენელი პირობებით განახორციელა. ტრამპ უმცროსი ამავდროულად Polymarket-ის მრჩეველთა საბჭოს წევრიც გახდა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Polymarket-მა, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი შეიან კოპლანი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ თავად გამოავლინა მომხმარებელი, რომელიც გასაიდუმლოებული სამთავრობო ინფორმაციით ვაჭრობდა და საკითხი იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
„ინსაიდერულ ვაჭრობას Polymarket-ზე ადგილი არ აქვს, - წერს კომპანია. – დღევანდელი დაკავება იმის დასტურია, რომ სისტემა მუშაობს“.
Last month, we published our enhanced market integrity rules to combat insider trading.
— Polymarket (@Polymarket) April 23, 2026
When we identified a user trading on classified government information, we referred the matter to the DOJ & cooperated with their investigation.
Insider trading has no place on Polymarket.…