თბილისი (GBC) - ევროკავშირის ლიდერები პარასკევს დილით კვიპროსში, მოლაპარაკებების მეორე დღეს იკრიბებიან. დღის წესრიგის მთავარი საკითხია: პოლიტიკური იმპულსის მიცემა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტზე (მოცულობით 1.8 ტრლნ ევრო) მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის, წერს გამოცემა POLITICO.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა მიზნად ისახავს მოლაპარაკებების მონაწილეთა შორის არსებული ჩიხური მდგომარეობის გარღვევას და პროგრესის მიღწევას იმ დისკუსიებში, რომლებიც ტექნიკურმა დავებმა და სენსიტიურ საკითხებზე დაპირისპირებამ შეაფერხა.

24 აპრილის შუადღეს, ლიდერები სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ, რათა ირანში მიმდინარე ომსა და ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებაზე იმსჯელონ.

სამიტზე დისკუსიები გუშინ ოპტიმისტურ ნოტაზე დაიწყო, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა უკრაინისთვის დიდი ხნის წინ დაპირებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა (მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა წინააღმდეგობა შეწყვიტა) და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო.

თუმცა, როგორც POLITICO იტყობინება, რეალობამ თავისი გაიტანა - სამიტზე შესვლისას ლიდერებმა აღიარეს მათ წინაშე არსებული ამოცანების მასშტაბურობა, რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ბლოკის კოლექტიური თავდაცვის მექანიზმების გაძლიერებას და ირანის ომის ეკონომიკური შედეგებისგან თავის დაცვას.