თბილისი (GBC) – ავიაკომპანია Azerbaijan Arilines–ის (AZAL) სამგზავრო თვითმფრინავს Embraer 190, რომელიც ბაქო–გროზნოს მიმართულებით ასრულებდა რეისს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა მოხვდა გროზნოს ცაზე, რის შემდეგაც იძულებული გახდა კურსი ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით აეღო, სადაც საბოლოო ჯამში ჩამოვარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა რასიმ მუსაბეკოვმა განაცხადა. „თვითმფრინავს რუსეთის ტერიტორიაზე ესროლეს, გროზნოს ცაზე და ამის უარყოფა შეუძლებელია“, – თქვა დეპუტატმა სააგენტო Turan–თან ინტერვიუში.

მუსამბეკოვმა რუსეთის ხელისუფლება არაადეკვატურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი მედიასაშუალებებს იყენებენ კვალის წასაშლელად, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ და დამნაშავეები დასაჯონ. „ისინი, ვინც ეს ჩაიდინეს, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, აუცილებელია დაღუპულების ოჯახებისა და დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გადახდა. თუ ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა, ურთიერთობები სხვა სიბრტყეში გადავა“, – განაცხადა დეპუტატმა.

რუსულმა ფედერალურმა არხებმა დამალეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიდრე თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდებოდა, მასზე იერიში ჩეჩნეთის ცაზე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით მიიტანეს. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, 38 მათგანი დაიღუპა.

რუსული პროპაგანდა ავითარებს ვერსიას, თითქოს ლაინერი ფრინველებს შეეჯახა. ასევე მეორე ვერსიაც აქვთ – ბორტზე ჟანგბადის ბალონის აფეთქება.

გადარჩენილი მგზავრები კი ჰყვებიან, რომ ლაინერი სამჯერ შეეცადა გროზნოს აეროპორტში დაშვებას, თუმცა მესამე ჯერზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა და ეს აფეთქება არა ბორტის შიგნით, არამედ გარეთ მოხდა. ჩამოვარდნილ თვითმფრინავს გარედან მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რომლებიც საზენიტო რაკეტის გამანადგურებელი ელემენტებით არის მიყენებული.

Embraer 190–ს მიწა–ჰაერის ტიპის რაკეტა გროზნოს აეროპორტიდან 18 კილომეტრის დაშორებით, 2,4 კმ–ის სიმაღლეზე მოხვდა. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი ძმისშვილი, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ხამზატ კადიროვი დააჯილდოვა, რომელმაც კატასტროფის დღეს მოახსენა მას, რომ რესპუბლიკის ცაზე ყველა სამიზნე გაანადგურეს.

მანამდე, ხუთშაბათს საღამოს, აზერბაიჯანის მთავრობაში დაადასტურეს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ამის შესახებ EURONEWS იუწყება.

აზერბაიჯანის მთავრობიდან წყარომ ტელეარხს უთხრა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის უფლება არ მისცეს.

გამოძიების წინასწარი მონაცემები ადასტურებს, რომ გროზნოს ცაზე გაშვებული რუსული რაკეტა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა EURONEWS–ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს ხუთშაბათს, რომ „მიწა–ჰაერის“ კლასის რუსული რაკეტა გახდა აქთაუსთან აზერბაიჯანული ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი.

იგივე წყაროების ცნობით, გროზნოს ცაზე რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანული ბორტის პილოტებმა და მგზავრებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.