თბილისი (GBC) – აზერბაიჯანული მანათის ბრუნვაში შემოღებიდან დღეს, 15 აგვისტოს, 31 წელი შესრულდა. აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის განკარგულებით „ბრუნვაში ეროვნული ვალუტის შემოღების შესახებ“, რომელიც 1992 წლის 15 ივლისს გამოიცა, საფუძველი ჩაეყარა აზერბაიჯანულ მანათს.

1992 წლის აგვისტოში ბრუნვაში გაუშვეს 1,10 და 250 მანათის ნომინალები, ნოემბერში – 5, 10, 20 და 50 გიაპიკის ნომინალი მონეტები მოიჭრა. დეკემბერში 5 მანათის ნომინალის ბანკნოტები გამოიცა, ხოლო 1993 წლის მარტში ბრუნვაში გამოჩნდა 50, 100, 500 და 1 000 მანათის ბანკნოტები.

აზერბაიჯანისთვის პირველი ფული საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა დაბეჭდა.

1992 წლის აგვისტოდან 1994 წლის იანვრამდე ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნვაში პარალელურად იყო როგორც აზერბაიჯანული მანათი, ისე რუბლი. 1 მანათი ამ პერიოდში 10 რუბლი ღირდა.

1993 წლის 11 დეკემბერს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მანათი გადახდის ერთადერთ საშუალებად გამოაცხადა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამით აზერბაიჯანი რუბლის ზონიდან გავიდა. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებელი სავალუტო და საკურსო პოლიტიკის გატარება დაიწყო.